ENG GEO

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მისიის მოსამზადებელი შეხვედრა თბილისში

05.07.2017


2017 წლის 4-5 ივლისს, სსიპ - ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტომ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს წარმომადგენლებს უმასპინძლა. შეხვედრის ძირითადი მიზანი იყო ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების მარეგულირებელი ეროვნული სისტემის შემსწავლელი საერთაშორისო მისიის დაგეგმვა.
საერთაშორისო ექსპერტებმა: ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს რადიაციული უსაფრთხოების უფროსმა სპეციალისტმა ოლგა მაკაროვსკამ და ამერიკის შეერთებული შტატების ბირთული მარეგულირებელი კომისიის რეგიონულმა ადმინისტრატორმა კატერინა ჰენეიმ სააგენტოს წარმომადგენლებს გააცნეს შემსწავლელი მისიის სპეციფიკა, შესწავლის მეთოდოლოგია, მიზნები და შედეგები.
თავის მხრივ, სააგენტომ ექსპერტებს წარუდგინა მისიისთვის მოსამზადებლად განხორციელებული და მიმდინარე ღონისძიებები. სააგენტოს უფროსმა ვასილ გედევანიშვილმა დააფიქსირა შემსწავლელი მისიის მიღებისა და წარმატებით განხორციელების ხელშეწყობის მზადყოფნა.
მოსამზადებელ შეხვედრაზე მიღწეული შეთანხმების თანახმად, საქართველოს ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების მარეგულირებელი სისტემის შემსწავლელ საერთაშორისო მისიას უმასპინძლებს 2018 წლის 18-28 თებერვალს.
მოსამზადებელი შეხვედრის ფარგლებში განხილულ საკითხებთან დაკავშირებით ჯენტლმენური შეთანხმება გაფორმდა მისიის კოორდინატორს ოლგა მაკაროვსკასა და სააგენტოს უფროსს ვასილ გედევანიშვილს შორის.