ENG GEO

სსიპ ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს უფროსმა ნინო უტიაშვილმა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს გენერალური კონფერენციის 69-ე რეგულარული სესიაში მიიღო მონაწილეობა

22.09.2025


სსიპ ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს უფროსმა ნინო უტიაშვილმა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს გენერალური კონფერენციის 69-ე რეგულარული სესიაში მიიღო მონაწილეობა. კონფერენციის ფარგლებში, სააგენტოს უფროსი ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს სხვადასხვა განყოფილების წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრებზე მხარეებმა მიმდინარე და სამომავლო თანამშრომლობის მიმართულებები განიხილეს. საუბრები შეეხო გარემოს მონიტორინგის, რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის, ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის გარანტიებისა და ბირთვულ ან რადიოლოგიურ საგანგებო სიტუაციების მართვის საკითხებს. ყურადღება გამახვილდა მიღწეული პროგრესის შეფასებასა და შემდგომი თანამშრომლობის შესაძლებლობებზე.

განისაზღვრა ერთობლივი ღონისძიებების დაგეგმვისა და გამოცდილების გაზიარების ზოგადი მიმართულებები, რაც ხელს შეუწყობს ქვეყნის ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის სისტემის შემდგომ გაძლიერებას.

სსიპ ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტო აგრძელებს მუშაობას რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის სფეროში საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკის დანერგვისა და ეფექტიანი თანამშრომლობის განვითარებისთვის. ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს გენერალური კონფერენციაში მონაწილეობა მნიშვნელოვანი ხელშემწყობი ფაქტორია საქართველოსა და აღნიშნულ სააგენტოს შორის პარტნიორული ურთიერთობების გაღრმავებისთვის.