ENG GEO

საქართველო ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) მისიას მასპინძლობს

10.03.2026


საქართველო ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) მისიას მასპინძლობს

სსიპ ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტო 10-13 მარტს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) მისიის ექსპერტებს მასპინძლობს. მისიის მიზანი საქართველოში ბირთვული უსაფრთხოების სისტემის შეფასება და მისი შემდგომი გაძლიერების ხელშეწყობაა.

საქართველო მრავალი წლის განმავლობაში აქტიურად თანამშრომლობს IAEA-სთან, რაც მოიცავს ტექნიკურ დახმარებას, თანამედროვე აღჭურვილობის მიწოდებასა და სპეციალისტების პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლებას.

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) მისია ხორციელდება ინტეგრირებული ბირთვული უსაფრთხოების მხარდაჭერის გეგმის (INSSP) პროგრამის ფარგლებში. აღნიშნული პროგრამა ითვალისწინებს საქართველოს ბირთვული უსაფრთხოების მხარდაჭერის ინტეგრირებული გეგმის განახლებასა და გაუმჯობესებას, ასევე, საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკის დანერგვას.

მისიის ფარგლებში კვირის განმავლობაში დაგეგმილია სამუშაო სესიები და შეხვედრები სხვადასხვა სახელმწიფო უწყებასთან, რომლებიც ჩართულნი არიან ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების უზრუნველყოფაში. შეხვედრების მიზანია ინფორმაციის გაცვლა, არსებული პრაქტიკის განხილვა და იმ გამოწვევების იდენტიფიცირება, რომლებიც საჭიროებს დამატებით განვითარებას.

მისიის დასრულების შემდეგ, საერთაშორისო ექსპერტები შეაფასებენ ქვეყანაში არსებულ მდგომარეობას და გასცემენ შესაბამის რეკომენდაციებს, რომლებიც ხელს შეუწყობს საქართველოს ბირთვული უსაფრთხოების სისტემის კიდევ უფრო გაძლიერებასა და საერთაშორისო სტანდარტებთან მის დაახლოებას.

IAEA-სთან თანამშრომლობის ფარგლებში, საქართველოში ასევე დაგეგმილია ინტეგრირებული მარეგულირებელი მიმოხილვის სერვისის (IRRS) მისია, რომლითაც შეფასდება ქვეყნის მარეგულირებელი სისტემის საერთაშორისო უსაფრთხოების სტანდარტებთან შესაბამისობა.