ENG GEO

2026 წლის 1 იანვრიდან ძალაში შევიდა საქართველოს მთავრობის დადგენილებები

01.01.2026


სსიპ ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს საქმიანობის გაუმჯობესების მიზნით, 2026 წლის 1 იანვრიდან ძალაში შევიდა საქართველოს მთავრობის დადგენილებები:

·    2025 წლის 10 ნოემბრის №500 დადგენილება „საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს მიერ მომსახურების გაწევის სახეებისა და ამ მომსახურების საფასურის ოდენობების დამტკიცების შესახებ“

· 2025 წლის 3 დეკემბრის №525 დადგენილება  „ბირთვული და რადიაციული საქმიანობის შეტყობინებისა და ავტორიზაციის წესების დამტკიცების თაობაზე“    

·  2025 წლის 25 ნოემბრის №518 დადგენილება „მონიტორინგის განხორციელების წესის ტექნიკური რეგლამენტის“ დამტკიცების შესახებ

 

 

Ø  საქართველოს მთავრობის 2025 წლის 10 ნოემბერის №500 დადგენილება „საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს მიერ მომსახურების გაწევის სახეებისა და ამ მომსახურების საფასურის ოდენობების დამტკიცების შესახებ“ ადგენს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების სახეებს, მათ საფასურს, გადახდისა და დაბრუნების წესებს, ასევე ბირთვული და რადიაციული საქმიანობის რეგისტრაციის, ლიცენზირების, ნებართვებისა და სალიცენზიო პირობებში ცვლილებების გაცემის ვადებსა და ღირებულებებს. დოკუმენტი არეგულირებს დოზიმეტრული გაზომვების, რადიოაქტიური წყაროებისა და ნარჩენების შენახვის, ტრანსპორტის შემოწმების, ავტორიზაციის პროცესების ფასებს.

ავტორიზაციის სახეებს დაემატა ბირთვული და რადიაციული საქმიანობის რეგისტრაცია, რის გამოც სააგენტოს ფარგლებში გაჩნდა ახალი მომსახურების სახე, კერძოდ, რეგისტრაციას დაქვემდებარებული  საქმიანობის  ფარგლებში  მაიონებელი გამოსხივების წყაროს დამატება და, შესაბამისად, განისაზღვრა ამ მომსახურეობის საფასური 200 ლარის ოდენობით.

გარდა ზემოთ ხსენებული მომსახურებისა, დაკორექტირდა უკვე არსებული მომსახურებების სახეები და  განისაზღვრა ამ მომსახურებათა ფარგლებში გადასახდელი თანხების რაოდენობა, კერძოდ: ცალკეულ შემთხვევებში შემცირდა არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის დოზიმეტრული გაზომვის საფასურის ოდენობა  და დაკორექტირდა საზომი ერთეულიც, რაც  განპირობებულია მომართვიანობის არ არსებობით მოქმედი ტარიფების ფარგლებში.  1000 მ2-დან ზევით ყოველ დამატებით  1000 მ2-ზე საფასური განისაზღვრა +100 ლარის ოდენობით.

დიფერენცირება/გამიჯვნა  მოხდა სატრანსპორტო საშუალების დოზიმეტრული გაზომვის მომსახურების ფარგლებში, კერძოდ, სატრანსპორტო საშუალებები დაიყო სახმელეთო, საჰაერო და საზღვაო სატრანსპორტო საშუალებად. სახმელეთო სატრანსპორტო საშუალებები, თავის მხრივ, დაიყო შემდეგნაირად - მსუბუქი ავტომობილი, ავტობუსი/მიკროავტობუსი, სპეციალური დანიშნულების მანქანა (სპეც ტექნიკა). საჰაერო სატრანსპორტო საშუალები დაიყო  სატრანსპორტო და სატვირთო ტრანსპორტად, ხოლო საზღვაო სატრანსპორტო საშუალებები დაიყო შემდეგი კლასიფიკაციით: პატარა გემი (100 ტონაზე ნაკლები)  და დიდი გემი (100 ტონა ან მეტი). აღნიშნული კლასიფიკაციის გათვალისწინებით, ასევე განისაზღვრა დიფერენცირებული ტარიფები მომსახურებების შესაბამისად.

ასევე კატეგორიების მიხედვით დაიყო  დახურული რადიოაქტიური წყაროს ან რადიოაქტიური ნარჩენის შენახვა რადიოაქტიური ნარჩენების საცავში.

დოკუმენტით დადგენილი სხვადასხვა ვადა (30, 20, 10,   და 3 კალენდარული დღე) ასახავს სააგენტოს მიერ დამატებითი რესურსების მობილიზების საჭიროებას დაჩქარებული განხილვისას, რის გამოც შესაბამისად იზრდება მომსახურების საფასური.

 ბირთვული და რადიაციული საქმიანობის რეგისტრაციის პროცესი მოიცავს დოკუმენტაციის გადამოწმებასა და შესაბამისობის დადასტურებას ინსპექტირების გარეშე. საბაზისო საფასური ასახავს ადმინისტრაციული ხარჯების მინიმალურ დონეს, ხოლო დაჩქარებული განხილვა მოითხოვს დამატებითი რესურსების გამოყენებას, რის გამოც 3 დღიანი ვადისთვის საფასური იზრდება.

ინტერვენციული და დიაგნოსტიკური რადიოლოგიის სალიცენზიო  საქმიანობა მოიცავს შედარებით მაღალი რისკის მქონე გენერატორებს. განაცხადის განხილვა საჭიროებს ტექნიკური დოკუმენტაციის ანალიზს, უსაფრთხოების შეფასებასა და საჭიროების შემთხვევაში დოზიმეტრიული კონტროლის პირობების გადამოწმებას. შესაბამისად, ტარიფები განსაზღვრულია შესაბამისი განხილვის ვადების პროპორციულად.

 

Ø  2025 წლის 3 დეკემბრის №525 დადგენილება  „ბირთვული და რადიაციული საქმიანობის შეტყობინებისა და ავტორიზაციის წესების დამტკიცების თაობაზე“ ადგენს ბირთვული და რადიაციული საქმიანობის განხორციელების წესებს საქართველოში. განსაზღვრავს რეგისტრაციის, ლიცენზიისა და ნებართვის მიღების პროცედურებს, მარეგულირებელი ორგანოს უფლებამოსილებებს, ავტორიზაციის მფლობელთა ვალდებულებებს, უსაფრთხოების, რადიაციული დაცვისა და ბირთვული უსაფრთხოების სტანდარტებს; ადგენს კონტროლის, მონიტორინგის და დარღვევის შემთხვევების შეფასებისა და რეაგირების წესებს.

ამ დადგენილებით  დარეგულირდება ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში ავტორიზაციისას უფლების მინიჭების საკითხი: რეგისტრაციის, ლიცენზიის ან/და ნებართვის სახით, ამასთან, განსაზღვრულია შეტყობინების ფორმა. ბირთვული და რადიაციული საქმიანობა, კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში, დაექვემდებარება  შეტყობინებას, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“  საქართველოს კანონით განსაზღვრული სამინისტროს ან მის გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების მიერ. შეტყობინების ფორმა დამტკიცებულია ამ წესის დანართით, რომელსაც ცნობის სახით მიიღებს სააგენტო.

სააგენტო ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ავტორიზაციას ახორციელებს დიფერენცირებული მიდგომის გათვალისწინებით.

 

Ø  2025 წლის 25 ნოემბერის №518 დადგენილება „მონიტორინგის განხორციელების წესის ტექნიკური რეგლამენტის“ დამტკიცების შესახებ აღნიშნული დადგენილება არეგულირებს ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სფეროში დოზიმეტრული და რადიაციული გაზომვების ჩატარების, მიღებული შედეგების შეფასებისა და გამოყენების წესს; ადგენს შესაბამის მოთხოვნებს ავტორიზებული პირებისთვის და გასაზღვრავს პასუხისმგებელი ორგანოს უფლებამოსილებებს, რათა უზრუნველყოფილი იყოს მოსახლეობისა და გარემოს დაცვა მაიონებელი გამოსხივების მავნე ზემოქმედებისგან. პერსონალის პროფესიული დასხივება (მაიონებელი გამოსხივების მავნე ზემოქმედება ადამიანის ორგანიზმზე) შეიძლება გამოწვეული იყოს ადამიანის სხვადასხვა საქმიანობით, მათ შორის, მაიონებელი გამოსხივების  გამოყენებით განხორციელებული საქმიანობით  მედიცინაში, სამეცნიერო კვლევებში, სოფლის მეურნეობასა და მრეწველობაში და ასევე საქმიანობა, რომელიც განპირობებულია ბუნებრივი რადიოაქტიური წყაროებიდან გამოწვეული  დასხივებით. აღნიშნული მოთხოვნების დაცვით უზრუნველყოფილ იქნება პერსონალის სამუშაო ადგილზე ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოება. დროულად დადგინდება და გამოვლინდება პერსონალის დასხივების დასაშვები დოზების გადაჭარბების შემთხვევები, რომელიც გამოწვეულია როგორც ხელოვნური, ასევე ბუნებრივი რადიოაქტიური წყაროებიდან განპირობებული  გარეგანი და შინაგანი დასხივებით.