IAEA-ს 70-ე გენერალური კონფერენციის ფარგლებში საქართველოს დელეგაციამ მნიშვნელოვანი შეხვედრები გამართა
18.09.2026
IAEA-ს 70-ე გენერალური კონფერენციის ფარგლებში საქართველოს დელეგაციამ მნიშვნელოვანი შეხვედრები გამართა
ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) 70-ე გენერალური კონფერენციის ფარგლებში, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი და ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს უფროსი ნინო უტიაშვილი IAEA-ს გენერალური დირექტორის მოადგილეს ჰუა ლიუს შეხვდნენ.
შეხვედრის ფარგლებში აღინიშნა საქართველოს აქტიური ჩართულობა IAEA-ს პროგრამებში, მათ შორის Atoms4Food ინიციატივაში, რომელიც ბირთვული მეცნიერებისა და ტექნოლოგიების გამოყენებით სურსათის უსაფრთხოებისა და მდგრადი განვითარების ხელშეწყობას ისახავს მიზნად. მხარეებმა ისაუბრეს სამომავლო თანამშრომლობაზე, ენერგეტიკის მიმართულებით ცოდნისა და შესაძლებლობების გაღრმავების პოტენციალზე.
კონფერენციის ფარგლებში ორმხრივი შეხვედრები შედგა IAEA-ს სხვადასხვა დეპარტამენტის ხელმძღვანელებთან - ბირთვული უსაფრთხოების, რადიაციის, ტრანსპორტისა და ნარჩენების უსაფრთხოების, ოპერაციების მართვის მიმართულებებით, ასევე ევროკომისიის ბირთვული უსაფრთხოების, რადიოაქტიურ ნარჩენების მართვისა და ბირთვული ენერგეტიკის გაუვრცელებლობის გარანტიების სექტორის უფროსთან.
შეხვედრებზე განხილული იყო ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სფეროში საქართველოს მიერ განხორციელებული სამუშაოები, მარეგულირებელი სისტემის განვითარება და საერთაშორისო თანამშრომლობის სამომავლო მიმართულებები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ბირთვული დაცულობის მხარდაჭერის ინტეგრირებული ახალი გეგმის (INSSP) განხორციელებას, 2027 წლის ინტეგრირებული მარეგულირებელი შეფასების მისიის (IRRS) მზადებას, IAEA-ს გარანტიების მოთხოვნების შესრულების ეროვნული სისტემის გაძლიერებას, ასევე რადიოაქტიური ნარჩენების მართვისა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის განვითარების საკითხებს.
IAEA-ს 70-ე გენერალური კონფერენციის ფარგლებში გამართულმა მაღალი დონის შეხვედრებმა კიდევ ერთხელ წარმოაჩინა საქართველოს მნიშვნელოვანი როლი რეგიონში. საერთაშორისო პარტნიორების შეფასებით, საქართველო სანდო პარტნიორია და მნიშვნელოვანი დამაკავშირებელი რგოლის ფუნქცია აქვს რეგიონის ქვეყნებს შორის თანამშრომლობისა და გამოცდილების გაზიარების პროცესში. მსგავსი საერთაშორისო ფორმატის შეხვედრები ხელს უწყობს ახალი თანამშრომლობის შესაძლებლობების განვითარებას და ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სფეროში ქვეყნის შესაძლებლობების შემდგომ გაძლიერებას.