ENG GEO

რადიოაქტიური ნარჩენები წარმოიქმნება ბირთვული ენერგიის გენერაციის, რადიოაქტიური ნივთიერებების ინდუსტრიული და სამედიცინო მიზნებით გამოყენების, ასევე სამეცნიერო - კვლევითი საქმიანობის შედეგად. როგორც ყველა სხვა სახის საშიში ნარჩენი, რადიოაქტიური ნარჩენებიც წარმოადგენს გარკვეულ საფრთხეს ადამიანის ჯანმრთელობისა და გარემოსათვის.
რადიოაქტიური ნივთიერებები (ნარჩენები)  სხვა სახის საშიში მასალებისაგან ფუნდამენტურად განსხვავდება ერთი მნიშვნელოვანი თავისებურებით  - შეუძლებელია რადიოაქტიური ნივთიერების რადიოაქტიურობის ხელოვნურად  შემცირება. შესაბამისად, თუ ქიმიური ან ბიოლოგიური ნარჩენების განადგურება შესაძლებელია მათი დეკომპოზიციის გზით (დაწვა, პიროლიზი, ქიმიური დეზაქტივაცია და ა.შ), რადიოაქტიური ნარჩენების გასანადგურებლად არცერთი მსგავსი მეთოდი არ გამოდგება, რის გამოც, მათგან გამოწვეული საფრთხის თავიდან აცილების ერთადერთ გზას წარმოადგენს მათი იზოლაცია ადამიანისა და გარემოსაგან.
რადიოაქტიური ნარჩენების მართვის დეპარტამენტის ერთერთ ძირითად ამოცანას წარმოადგენს საქართველოში არსებული რადიოაქტიური ნარჩენების იზოლაცია და უსაფრთხოდ განთავსება რადიოაქტიური ნარჩენების ცენტრალურ საცავში, ასევე მათი ფიზიკური დაცვის უზრუნველყოფა. იმის გამო, რომ ზოგიერთი რადიოაქტიური ნივთიერება ინარჩუნებს გამოსხივების უნარს მრავალი ათეული ათასი წლის განმავლობაში, მომავალი თაობების დასაცავად აუცილებელია  უზრუნველვყოთ მათი საიმედო იზოლაცია ისე, რომ მათთან თავისუფალი წვდომა შეუძლებელი იყოს  ათასობით წლის შემდეგაც კი, როცა შეიცვლება ეპოქები და შესაძლოა ცივილიზაციებიც კი.
საქართველოს ტერიტორიაზე არსებული რადიოაქტიური ნარჩენები ამჟამად უსაფრთხოდ ინახება რადიოაქტიური ნარჩენების ცენტრალურ საცავში და  რადიოაქტიური ნარჩენების სამარხში.


დეპარტამენტის საქმიანობა:
ა) რადიოაქტიური ნარჩენების მართვის ფუნქციების შესრულებისას რადიოაქტიური ნარჩენების მავნე ზემოქმედებისაგან ადამიანის ჯანმრთელობისა და გარემოს დაცვა რადიოაქტიური ნარჩენების მართვის უსაფრთხოებისა და დაცულობის მოთხოვნების გათვალისწინებით;
ბ) სახელმწიფოს მფლობელობაში არსებული რადიოაქტიური ნარჩენებისადმი მოპყრობა;
გ) რადიოაქტიური ნარჩენების საცავისა და რადიოაქტიური ნარჩენების სამარხის ფუნქციონირების უზრუნველყოფა;
დ) რადიოაქტიური ნარჩენებისა და რადიოაქტიური ნივთიერებების ტრანსპორტირება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ე) თავისი კომპეტენციის ფარგლებში რადიოაქტიური ნივთიერებებით დაბინძურებული ტერიტორიებისა და საგნების ზედაპირის დეკონტამინაცია;
ვ) რადიოაქტიური ნარჩენების საცავისა და რადიოაქტიური ნარჩენების სამარხისთვის ადგილის შერჩევის, მათი დაპროექტების, მშენებლობის, ექსპლუატაციაში შეყვანის, რადიოაქტიური ნარჩენების საცავის დახურვისა და დეკომისიის, რადიოაქტიური ნარჩენების სამარხის დახურვის შესახებ შესაბამისი წინადადებების მომზადება და ამ პროცესში საზოგადოების მონაწილეობის უზრუნველსაყოფად საჯარო განხილვის ორგანიზება;
ზ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში რადიოაქტიური ნარჩენების მართვის საკითხებზე საერთაშორისო ორგანიზაციებთან და სხვა ქვეყნების შესაბამის სამსახურებთან თანამშრომლობა;
თ) რადიოაქტიური  ნარჩენების  მართვის  ეროვნული  სტრატეგიის შემუშავებაში მონაწილეობა;
ი)  რადიოაქტიური  ნარჩენების  მართვის  ეროვნული  სტრატეგიის  განსახორციელებლად სამოქმედო გეგმის შემუშავებაში მონაწილეობა;
კ) რადიოაქტიური ნარჩენების მართვის უსაფრთხოებისა და დაცულობის მოთხოვნების დადგენის/შეცვლის თაობაზე წინადადებების შემუშავება;
ლ) რადიოაქტიური ნარჩენების მიმართულებით  საექსპერტო დასკვნის მომზადება;
მ) სახელმწიფოს მფლობელობაში არსებული რადიოაქტიური ნარჩენების რეესტრის წარმოება;
ნ) რადიოაქტიური ნარჩენების საცავში და რადიოაქტიური ნარჩენების სამარხში არსებული ბირთვული მასალის აღრიცხვის, კონტროლისა და ფიზიკური ინვენტარიზაციის განხორციელება;
ო) რადიოაქტიური ნარჩენების საცავში და რადიოაქტიური ნარჩენების სამარხში არსებულ ბირთვულ მასალებთან დაკავშირებული ინფორმაციის მიწოდება ეროვნული პასუხისმგებელი პირისათვის კანონმდებლობით დადგენილი წესით;
პ) რადიოაქტიური ნარჩენების საცავისა და რადიოაქტიური ნარჩენების სამარხისათვის რადიოაქტიური ნარჩენების მიღების კრიტერიუმების დადგენა;    
ჟ) რადიოაქტიური ნარჩენების მართვის სფეროში სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებაში მონაწილეობის მიღება;
რ) კანონმდებლობით დადგენილი სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.