ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს უფროსად ნინო უტიაშვილი დაინიშნა
16.05.2025
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს თანამშრომლებს ახალი უფროსი, ნინო უტიაშვილი ოფიციალურად წარუდგინა. მინისტრმა ყოფილ ხელმძღვანელს, ხატია ჯიქურიძეს სააგენტოს საქმიანობაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა და ნინო უტიაშვილს წარმატებული და ნაყოფიერი მუშაობა უსურვა.
„ნინო უტიაშვილს აქვს საკმაოდ დიდი გამოცდილება როგორც ადმინისტრაციული, ისე საერთაშორისო მიმართულებებით. მისი პროფესიონალიზმი მოგვცემს შესაძლებლობას, ახალი ხედვებითა და მეტი აქტიურობით ვმართოთ ეს უმნიშვნელოვანესი სააგენტო. ერთობლივად ნამდვილად შევძლებთ მრავალი წარმატებული პროექტის განხორციელებას. იმ მნიშვნელოვან საკითხებს, რაც ამ სააგენტოს საქმიანობაში შედის, განსაკუთრებული ყურადღება სჭირდება. მჯერა, ახალი ხელმძღვანელი ღირსეულად უპასუხებს ახალ გამოწვევებს“, – განაცხადა დავით სონღულაშვილმა.
ნინო უტიაშვილმა მინისტრს მადლობა გადაუხადა გამოხატული ნდობისთვის და აღნიშნა, რომ ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სფერო მაღალი პასუხისმგებლობის მატარებელია, სადაც მიღებული გადაწყვეტილებები განსაკუთრებულ სიფრთხილესა და პროფესიონალიზმს მოითხოვს.
„მინისტრს მადლობას ვუხდი გამოცხადებული ნდობისთვის. ეს სფერო განსაკუთრებით სპეციფიკური და მნიშვნელოვანია, რაც ჩემთვის კიდევ უფრო ზრდის პასუხისმგებლობას. ჩემი მთავარი ამოცანა იქნება არსებულ გუნდთან ერთად ის საქმიანობა გავაგრძელო, რაც აქამდე წარმატებით ხორციელდებოდა. მსურს, ჩვენი უწყება ერთ-ერთი გამორჩეულად წარმატებული იყოს სამინისტროს სისტემაში“, – აღნიშნა ნინო უტიაშვილმა.
ნინო უტიაშვილს მრავალწლიანი გამოცდილება აქვს საჯარო სექტორში მუშაობის. სხვადასხვა დროს ის იკავებდა ხელმძღვანელ პოზიციებს კულტურისა და სპორტის სამინისტროში, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში. მას მიღებული აქვს საერთაშორისო ურთიერთობების მაგისტრის ხარისხი ოდესის ეროვნულ უნივერსიტეტში.